საქართველო-რუსეთი

კიდევ ერთი ბოდიში ონიშენკოს

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი რუსეთს სააკაშვილის გამონათქვამების გამო ბოდიშს უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის ჩატარებული სამუშაო წარმატებული აღმოჩნდება. ამის შესახებ ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი, რომლის ადრესატი რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკოა.

მიმართვაში წერია, რომ უკანასკნელ ხანებში, რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენისკენ ნაბიჯები გადაიდგა: „მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, გადაილახა ყველა სირთულე და საქართველოში როსპოტრებნადზორის დელეგაცია ჩამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დაწყებულ პროცესებს ხელს არავინ და არაფერი შეუშლის“, - ნათქვამია წერილში.

მიმართვის ავტორები პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ გააკეთა, „დამარცხებული პოლიტტერორისტის ბოდვას“ უწოდებენ:

„მისი გამონათქვამები, პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია ჩვენი მწარმოებლებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ისინი მიმართულია ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების პროცესის დანგრევისკენ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: სამუდამოდ დავკარგოთ რუსეთი, როგორც მეგობრული ქვეყანა, ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორი, არ მიეცეს განვითარების საშუალება გეოპოლიტიკურ პარტნიორობას. ეს პროვოკაციული გამონათქვამები საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ პროცესები სწორი კალაპოტით მიდის“, - ნათქვამია წერილში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მისი გუნდი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაენგრიათ ქვეყნის ეკონომიკა, სავალალო მდგომარეობამდე დაიყვანეს მრეწველობის ყველა დარგი, სოფლის მეურნეობა, ბიზნესსაზოგადოება წნეხის ქვეშ ჰყავდათ, კრიმინალური გზით ითვისებდნენ კომპანიებსა და კერძო საკუთრებას. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საქართველოს ბაზრები დაეკარგა“.

„ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის „რევიზორი“. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი „კაპიკი“ და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ, მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!“ - განაცხადა ინსპექციის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარი ონიშენკომ გააპროტესტა და საქართველოში ინპექციის მსვლელობისას, თავისი თანამშრომლების უკან გაწვევითაც დაიმუქრა.

4 მარტს რუსეთის დელეგაციას, პრეზიდენტის მხრიდან „შეურაცხყოფის მიყენებისთვის“, ბოდიში მოუხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.

„საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ინსპექციის პირველი ეტაპი 25 თებერვლიდან 1 მარტამდე მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე როსპოტრებნადზორის თანამშრომლების სამი ჯგუფი 40-ზე მეტი საწარმოში იმყოფებოდა. მათი ანგარიშის მოსმენის შემდეგ, ონიშენკომ განაცხადა, რომ ქართულ ღვინის საწარმოებში „სისტემური ნაკლოვანებები“ აღმოჩნდა, თუმცა ისინი გამოსწორებას ექვემდებარება. 6 მარტს გამოქვეყნდა იმ ქართული კომპანიების სია, რომლებსაც, სავარაუდოდ, მაისიდან, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანის უფლებას მისცემენ.

 

კომენტარები