პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც ახალი, ისე ძველი გუნდისგან

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. საუბრის დასრულების შემდეგ, მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის შეხვედრა საინტერესო იყო, საუბარი კი სასამართლოს რეფორმირებას შეეხო. 
"საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმა აუცილებელია, ამისთვის ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს და ახალი გუნდის მიერ, ამ რეფორმების 80%-ს ეთანხმება, მაგრამ აქვს კითხვებიც. უფრო კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ვერ ვიქნები პროფესიონალი. კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვფიქრობ, მას აქვს საშუალება ღირსეულად დაასრულოს თავმჯდომარეობის ვადა და მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო დარჩეს საქართველოში. იმ პროცესებზე, რაშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, გასაგებია, რომ არსებობს კითხვები", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წარსულზეც ისაუბრეს.
"არსებობს კითხვები წარსულისადმი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკეთდა სასამართლოში ამ დროის განმავლობაში და მას აქვს შეტანილი წვლილი ამ პოზიტივში. რაც მთავარია, ძირითად პრინციპებში ვთანხმდებით. ვერ შევთანხმდით იმაში, რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი. შეიძლება მე მგონია, რომ უფრო მეტია კითხვები, ვიდრე - ბატონ კოტეს. ძირითად პრინციპებზე – იმაზე, რომ სასამართლო უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვთანხმდებით. მე მას გარანტია მივეცი და შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ან კოალიციის ლიდერის ან ჩემი გუნდის მხრიდან, ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს ან სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე", - განაცხადა ივანიშვილმა.
კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას წაადგება, მისთვის მისასალმებელია.
კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლო საქართველოში იყოს უფრო მეტად და ძლიერად წარმოდგენილი - როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა.
"ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს პირველ რიგში თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს", - განმარტა კუბლაშვილმა.

კომენტარები