იუსტიციის მინისტრი

საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე, თეა წულუკიანის იურიდიული განათლების შესახებ

საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ ქსავიერ როუარდმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იურიდიული განათლება აქვს. 

როუადის განმარტებით, ENA-ს კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე. მისი განცხადებით, იურიდიული განათლების ხარისხს არა საელჩოები, არამედ სასწავლო დაწესებულებები განსაზღვრავენ. მისივე თქმით, ''არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ENA თეა წულუკიანმა საჯარო ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და არა  იურიდიულით''. გოგა ხაჩიძე ასევე ვარაუდობს, რომ როუარის განცხადება არა საფრანგეთის საელჩოს, არამედ კონკრეტულად მისი პოზიციაა. 

შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და არა სამართლის. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, დალი კანდელაკმა დაუდასტურა.  იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს. 

კომენტარები