საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი მზადაა პრემიერს 4 მარტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრს შეხვედრას 4 მარტს სთავაზობს. პრეზიდენტი მზადაა პრემიერს მისთვის სასურველ ადგილას შეხვდეს.

მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს. სააგენტო News.ge-ს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერთან შეხვედრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს. მაგრამ, მან უარყო პრემიერმინისტრის განცხადება იმის შესახებ, თითქოს მათი შეხვედრა 1 მარტისთვის იყო დათქმული.

„დღეს, დილით, გავიგეთ ტელევიზიით, რომ შეხვედრა ჩაიშალა და თურმე შეხვედრა ჩავშალეთ ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ დღეს არანაირი შეხვედრა არ ყოფილა დანიშნული, მითუმეტეს არც ადგილი და არც საათი. შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, იმისათვის რომ მოვილაპარაკოთ. ამისათვის ჩვენ მზად ვართ სერიოზულად მოვემზადოთ. იმედია რომ პრემიერმინისტრიც საქმეს მიუდგება სერიოზულად და გულდასმით მოემზადება ამ შეხვედრისთვის,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას სურს ქვეყანაში კლიმატის განმუხტვა, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა.

"რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა ჩვენი მხრიდან ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია მანამდეც იყო გაცხადებული იყო. ჩვენ გვინდა კლიმატის განმუხტვა, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა (სრულიად ნათელია, რომ ქვეყანა ახლა იმყოფება პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში), გვინდა ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კურსს, ამიტომ ჩვენ ვართ მზად ძალიან ფართო, გახსნილი, მოქნილი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაზე. ჩვენი პასუხი მათ ულტიმატუმზე არის კონსტრუქციული - ნებისმიერ ადგილზე მზად ვართ შესახვედრად და სერიოზულად სალაპარაკოდ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პრემიერთან შესახვედრად ორშაბათს დილიდან მზად იქნება.

"ორშაბათს დილიდან, ვფიქრობთ, მოვნახავთ საშუალებას შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე და საგნობრივად ვისაუბროთ. ესაა ჩვენი ინიციატივა და ეს უნდა იყოს სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი შეხვედრა. ამასთან, საქართველოს პრემიერს აქვს პირდაპირი სატელეფონო კავშირი ჩემთან და არ გვჭირდება გაფუჭებული ტელეფონის თამაში, "ფეისბუქი", ულტიმატუმები და მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი საუბარი. შეგვიძლია წყნარად ავიღოთ ტელეფონის ყურმილი, დავთქვათ, შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ, მით უმეტეს, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყვეტადია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მანამდე პრეზიდენტთან ორშაბათს შეხვედრის სურვილი პრემიერმინისტრმა გამოთქვა.

 

კომენტარები