ჭიდაობა

რამსფელდი და პუტინი ჭიდაობის ოლიმპიური სპორტის სახეობებიდან ამოღების წინააღმდეგ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ ცოტა ხნის წინ, სოკ-ის 125-ე სესიას სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობა იქნას ამოღებული. ამ  შემაშფოთებელი ფაქტის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო პრესაში არაერთი წერილი დაიწერა და საბედნიეროდ, მათ შორის უმეტესობა კრიტიკული.

რატომ საბედნიეროდ? პასუხი მარტივია: ჭიდაობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და პრიორიტეტული სახეობაა. საგულისხმოა, რომ ძველი თაობის მოჭიდავეების წარმატებას ახალგაზრდებიც აგრძელებენ, ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ  გასულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ მედლებს გადავხედავთ. ლონდონში ჩვენმა ოლიმპიელებმა სულ 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 6 - მოჭიდავეებზე მოდის. 

იმ დროს, როდესაც 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობის, როგორც ოლიმპიური სახეობის, არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მსოფლიოს სხვადასხვა გამოჩენილი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები სოკ-ის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.

ერთი კვირის წინ, მოძრაობას ჭიდაობის ოლიმპიური თამაშების სიიდან ამოღების წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეუერთდა. პუტინის ინიციატივით შეიქმნა კომისია, სადაც სხვადასხვა რუსი მოხელეები შევლენ და მათი მიზანი ჭიდაობის დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ, ჭიდაობის დამცველად აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოგვევლინა. რამსფელდი წარსულში 11 წლის განმავლობაში იყო ჭიდაობით დაკავებული და 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის სახელითაც კი იასპარეზა (სამწუხაროდ წარუმატებლად).

- ჭიდაობის ოლიმპიური თამაშებიდან ამოღება სპორტისთვის, სპორტსმენებისთვის და თამაშების ამაყი ტრადიციისთვის ტრაგედია იქნება. ათასობით წლის მანძილზე, ჭიდაობა თითოეულ კონტინენტზე გავრცელდა. მას იყენებენ ასობით ქვეყანაში და გამოიხატება კულტურული მრავალფეროვნების მეშვეობით. ჭიდაობა აყვავდა მიუხედავად ომის, დეპრესიის, სოციალური ცვლილებების და გლობალიზაციისა. ამის მიუხედავად, ოლიმპიურმა კომიტეტმა არ ჩათვალა საჭიროდ მისი 2020 წლის თამაშებში ჩასმა. ვფიქრობ, მცდარი გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა რამსფელდმა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ჭიდაობის ამოღება-არამოღებასთან დაკავშირებით სექტემბერში მიიღებენ. ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ შეიძლება 2020 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა ჭიდაობის გარეშე ჩაიაროს, არ სახელდება, თუმცა კულუარებში ასეთად რამდენიმეზე ამახვილებენ ყურადღებას: ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში არსებული მაღალი კორუფციის დონე, სახეობის დაბალი რეიტინგი, წესების ცვლილება, რამაც შეხვედრები საყურებლად უსახური გახადა და ა.შ

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში კორუფციის მაღალი დონე არ არის ახალი თემა. მრავალი წელია, რაც ამაზე საუბრობენ, მაგრამ ოფიციალურად განცხადება არავის გაუკეთებია. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენეს. ეს ცალსახად დადებითი ფაქტია, თუმცა ახლა მთავარია ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი. სავარაუდო კანდიდატად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი სახელდება. მამიაშვილი მარტინეტიზე უკეთესი კანდიდატია, მაგრამ ზოგადად სახეობაში კორუფციისა და ჩაწყობის საბოლოოდ გამოსარიცხად, ვფიქრობ, ჯობდა ამერიკელი ან იაპონელი კანდიდატი აირჩიონ, რადგან მამიაშვილს ზოგადად უმწიკლო რეპუტაცია ნამდვილად არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის 2020 წლის თამაშებიდან მოხსნა-არმოხსნის საკითხი სექტემბერში გადაწყდება, იქამდე კი 2013 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში თბილისში ჩატარდება.

კომენტარები