საია

პროკურატურა რობაქიძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესწავლაში უცხოელ კოლეგებს დაიხმარს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ, მთავარი პროკურორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

კოჟორიძის განცხადებით, მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესწავლას უცხოელი კოლეგების დახმარებით გეგმავს.

"მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა გეგმავს, ეს მასალა უცხოელი კოლეგების დახმარებით შეისწავლოს, ანუ ექსპერტების დახმარებით გასცეს პასუხი იმას, თუ რამდენად ავთენტური მასალაა და მერე გადაწყდება ამ მასალის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე არაერთ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო ციხის სკანდალის გამოძიებას, თენგიზ გუნავას საქმეს და ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს. 

"მივიღეთ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კარგი იქნება თუ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის. მაგალითად, ის, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ 2 ათასი პატიმარი იყო დაკითხული, ცნობილი არ იყო. პროკურატურას ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მუშაობა აქვს დაწყებული", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.  

შეგახსენებთ, არასამთავროებო ორგანიზაციები დღეს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

კომენტარები