პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: უსამართლობას კანონით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების ყრილობაზე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მას კარგად ესმის სააკაშვილისგან "უფლებააყრილი ხალხის", თუმცა რაც მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. ივანიშვილის თქმით, ქვეყნის კულტურა იმაში ვლინდება, რომ სახელმწიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს მოქალაქეს, სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა. 

"მესმის, რომ ძნელია ამის მოსმენა იმ ხალხისთვის, რომელმაც რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს ცივილიზებულად უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ჩვენს დიდი კულტურის ქვეყანას ეკადრება. სამართლიანობის აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, მაგრამ გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე! პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით სამართლიანობის აღდგენის გზაზე. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი. ბევრი პატიმარი დაუბრუნდა ოჯახს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრებიც, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისა თუ განსხვავებული აზრისთვის კრიმინალებად მონათლეს, ადამიანები, რომლებიც უსასტიკეს, შეურცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ამნისტიით გამოსული პატიმრების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ახალ პანიკას თესავენ, თითქოს ქვეყანაში კრიმინალი იზრდება, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალის გაზრდას არ დაუშვებენ. 

კომენტარები