სასმელი

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ასოციაციას ქმნიან

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები სექტორის პრობლემების მოგვარებისა და არააქციზური საქონლის მარკირების წინააღმდეგ ძალისხმევას აერთიანებენ და ასოციაციას ქმნიან. 

"არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის" შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც მსხვილი კომპანიების (შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", სს "იბერია რეფრეშმენტსი" (პეპსი), სს "ლომისი" (ნატახტარი), შპს "აქვა გეო" (სნო), შპს "აიდიეს ბორჯომი საქართველო" და სს "წყალი მარგებელი" (ნაბეღლავი)) ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების გაერთიანება დარგში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის, სფეროს მომავალი განვითარებისა და ექსპორტის გაძლიერებისთვის სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელებას აპირებს. ამ მიმართულებით ასოციაციის პირველი წამოწყება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებისკენ ან შეცვლისკენ იქნება მიმართული.

როგორც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები აცხადებენ, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეაფერხებს სექტორის განვითარებას და საექსპორტო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ახალი წესიდან გამომდინარე, პროდუქცია  გაძვირდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი მომხმარებლისთვის, რაც გაყიდვების მოცულობის შემცირებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობაც შემცირდება, ეს კი საზიანო იქნება მწარმოებლებისთვის და ამავე დროს საქართველოს ბიუჯეტისთვისაც.

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღრიცხვიანობა და მკაცრი ფინანსური კონტროლი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა კომპანიები არ უნდა იხდიდნენ დამატებით თანხას იმისთვის, რომ სახელმწიფომ გააკონტროლოს, რადგან აღრიცხვის წარმოება სახელმწიფოს მოვალეობაა. „აღრიცხვის წარმოების უამრავი სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და იაფი საშუალება არსებობს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სხვა მწარმოებლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ალტერნატიული სახის სისტემის დანერგვაში", - ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები