იუსტიციის მინისტრი

თეა წულუკიანი ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას არ გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ციხის სკანდალი გამოძიების პროცესშია და ყველა ის პირი დაიკითხება, ვის დაკითხვასაც გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს. 
"ვისი დაკითხვა და პასუხისგებაში მიცემა საჭირო იქნება, ყველა დაიკითხება და პასუხისგებაში მიეცემა", - აღნიშნა წულუკიანმა. 
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქულ მხარეს რამდენიმე თურქი პატიმარი გადაეცემა, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან.
"მოხდება მათი გადაცემა თურქული მხარისთვის და ისინი დარჩენილ სასჯელს თურქეთში მოიხდიან. საქართველოს მიმართვის შემთხვევაში ანალოგიურად მოიქცევა თურქეთიც და თურქულ ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან საქართველოს ციხეებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ოჯახებმა უკეთ მიხედონ თავიანთ პატიმრებს. პირველ ეტაპზე თურქულ მხარეს რამდენიმე პატიმარი გადაეცემა და ეს მოხდება იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებზეც კონვერტირებული გადაწყვეტილება გვაქვს. კონვერტირებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, როდესაც გადაწყვეტილება შემოდის უცხო ქვეყნიდან და ის ჩვენთან დამდგარი განაჩენის ეკვივალენტია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები