მუსლიმები

ბათუმში მეჩეთი აშენდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ბათუმში მეჩეთის აშენების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მისივე ინფორმაციით, ანკარაში ვიზიტისას აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძელებთან დაკავშირებით ნაცვალგების პრინციპი არ იქნება გამოყენებული, რადგან ძეგლებს მოვლა სჭირდება, განურჩევლად იმისა, ვის ეკუთვნის ისინი.

"აქედან გამომდინარე, მიღწეულია შეთანხმება, რომ ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, ხოლო ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სამლოცველო მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში, ეს კეთდება ქართველი მუსულმანებისთვის, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მრწამსის შესაბამისად ლოცვის საშუალება", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია სად აშენდება მეჩეთი და რომ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობა მიიღებს.

იმავდროულად, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი მეჩეთის აშენების პარალელურად, ქართული მხარე თავს იკავებს აზიზის მეჩეთის აღდგენისგან. "მთავარია, პრინციპული შეთანხმება მოხდა. აზიზიესთან დაკავშირებით ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ახალი მეჩეთი აშენდება, ოღონდ სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი", - დასძინა ოდიშარიამ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მუსლიმებისთვის მეჩეთის მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგე მმართველი კოალიციის ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი, მურმან დუმბაძე გახლდათ. ის იყო ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ მიტინგების ორგანიზატორიც. მაშინ მურმან დუმბაძე აცხადებდა:  

"სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოში საკულტო ნაგებობა ვერ აშენდება; მით უმეტეს, ისტორიის იმ მონაკვეთს არ დავუდგამთ ძეგლს, როცა ბათუმში დამპყრობი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდა. რუსეთმა რომ გვითხრას, ლენინის ძეგლი აღადგინეთო, აღვადგინოთ? ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან - მთელი ქალაქის ინტელიგენცია (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან) გადამჭრელი ზომების მიღებას მთხოვენ. გარწმუნებთ, მოღალატე სააკაშვილს ამის უფლებას არ მივცემთ! აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმის ხელახალი აშენებით თურქეთის სახელმწიფოს ოსმალური იმპერიის ამბიციებს გავუღვივებთ. ამის დაშვება კი ქართული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებას ნიშნავს".

 მურმან დუმბაძე "პროვოკაციაში" თურქეთის კულტურის მინისტრთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც სდებდა ბრალს:

"ამ კაცს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით; მისი მიზანი პანღურით გაგდებაა - მას გაგდებული პრეზიდენტის სახელით სურს ისტორიაში შესვლა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება - რამდენიმე თვეში სააკაშვილი თავის "აზიზიეს მეჩეთიანად" უნდა დასრულდეს საარჩევნო ყუთებთან", - აცხადებდა მურმან დუმბაძე.

 

 

 

კომენტარები