მეტეორიტი

რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა

რუსეთში, ურალის რეგიონში, ადგილობრივი დროით დილის 9 საათსა და 20 წუთზე მეტეორიტი ჩამოვარდა. მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას მინების მსხვრევის შედეგად მიყენებული დაზიანებები აღენიშნება. ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ქალაქ ჩელიაბინკში მეტეორიტმა ნგრევაც გამოიწვია. ჩაისხვრა შენობების მინები, ზოგან დაზიანდა სახლებიც. სერიოზულად არის დაზიანებული უნივერსიტეტი და ქალაქში მდებარე თუთიის ქარხანა.

ქალაქის ხელისუფლება ზარალს ითვლის და დაზარალებულებს კომპენსაციებს ჰპირდება. ჩელიაბინსკის მერი, სერგეი დავიდოვი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

''ჩელიაბინსკი მეტეორიტების წვიმის ზონაში მოხვდა. ვფიქრობ, სპეციალისტები მოგვიანებით უფრო კონკრეტულ მონაცემებს მოგვაწვდიან. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შეინარჩუნოს'', - აღნიშნავს სერგეი დავიდოვი.

ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, მეტეორიტის რამდენიმე ნამსხვრევია ნაპოვნი. ჩამოვარდნილი ობიექტის შესახებ, მეცნიერებმა ორი სხვადასხვა ვერსია წამოაყენეს. ნაწილის აზრით, დედამიწას მეტეორიტების წვიმა დაატყდა თავს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჩამოვარდნილი ობიექტი მხოლოდ ერთია, რომელიც შემდეგ ნაწილებად დაიშალა. 

კომენტარები