საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლუკა კურტანიძის პოლიციის აკადემიის პრორექტორობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წვერმა გიორგი გაბაშვილმა გაავრცელა.

"8 თებერვლის დარბევის შემდეგ, 11 თებერვალს, გაზეთ ასავალ-დასავალში გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორის განცხადება, რომელიც აღსავსეა უკიდურესად სახიფათო სიძულვილის ენით, სადაც ის ფიზიკური ანგარიშსწორებით და ლინჩის წესით მოკვლით ემუქრება პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს. ეს სიძულვილის ენა არის ძალიან მძაფრი. ის მოიხსენიებს უმცირესობის წევრებს, როგორც ვირთხებს, ემუქრება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფიზიკური განადგურებით, ლინჩის წესით. ეს იქნებოდა ცალკე აღებული ლუკა კურტანიძის განცხადება, რომ არა ერთი რეალობა - ისაა დღეს პოლიციის მაიორი და შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორი. შესაბამისად, თუ სამი დღის განმავლობაში ეს ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული თანამდებობიდან და არ დატოვებს შსს-ს სისტემას, ოპოზიცია ამას აღიქვამს, როგორც შსს-ს და პირადად მინისტრ ღარიბაშვილის პოზიციას", - აცხადებს გიორგი გაბაშვილი. 

გაბაშვილის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, ''ზღაპარს პოლიციის დეპოლიტიზაციის შესახებ წერტილი დაესმევა''.

 

კომენტარები