საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ბუნკერში ვერ ჩამკეტავთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დიდი შეშფოთება და გულისტკივილი“ გამოთქვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდარის გამო. „ჩვენ არ გვინდოდა რაიმე სახის გართულება და მით უმეტეს შეტაკება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იგი თავისი სიტყვის ტრადიციულად, პარლამენტში ანგარიშით გამისვლისას გეგმავდა. „ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტი მიდის პარლამენტში, აკეთებს მოხსენებას. მე ვყოფილვარ პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წევრიც, როცა მოდიოდა ხოლმე ჩემი წინამორბედი შევარდნაძე.... ამის შესაძლებლობა და შანსი ჰქონდა დღევანდელ პარლამენტსაც. ყველაფერი შეთანხმებული იყო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ უმრავლესობამ გადაწყვიტა პრეზიდენტის გამოსვლა გადაედო. უმრავლესობამ უმცირესობას მოსთხოვა, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს. პრეზიდენტის განცხადებით, იგი ამ უფლების გამოყენებას არც აპირებდა.

„მე ამ უფლების გამოყენებას არ ვაპირებ, რადგან რამდენიმე თვეში მთავრობის დათხოვნა დამანგრეველია, პირველ რიგში იმისთვის, ვინც ამას აკეთებს“, - აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, უმცირესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებას კონსტიტუციაში, თუ უმრავლესობა ხმას მისცემს ცვლილებას, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს დააფიქსირებს.

ამავე დროს, მისი თქმით, იგი მხარს არ უჭერს ქართული ოცნების ორ საკონსტიტუციო ინიციატივას. მათ შორის იმას, რომ ახალ მთავრობას პარლამენტის თბილისში გადმოტანა უნდა.

„მთავრობას უნდა კარგად აკონტროლოს პარლამენტი“,- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ გეგმის მიზანი იყო, მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთისგან დაეშორებინათ.

სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ისიც იყო, რომ დასავლეთ საქართველოსაც ჰქონოდა თავისი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რათა განვითარებულიყო და რათა არ განხორციელებულიყო ქვეყნის მტრის ოცნება საქართველოს „ტიფლისკაია გუბერნიამდე“ შემცირების შესახებ.

გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადებით, მმართველი ძალა გეგმავს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს არ არის კონსტიტუციური თამაშის ის წესი, რომლითაც წინა არჩევნები გაიმართა, წინა არჩევნები გაიმართა ისე, რომ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონებოდა სამთავრობო კურსი, აერჩი სხვა პრეზიდენტი და ასე უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატია“, - აცხადებს სააკაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ინიციატივა სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარების აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

„ჩვენ ამ მხრივ იდეალურად არ გვქონდა საქმე, მაგრამ ახლა გაჩნდა შანსი, რომ სასამართლოს ხელისუფლებამ ბევრად მეტი დამოუკიდებლობა აიღოს და ამ პროცესის კონსტიტუციურად მოკვლა არ შეიძლება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს ბრძოლა მიდის პარლამენტის დამოუკიდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მოკვლაზე და ბრძოლა მიდის შემდეგი არჩევნების გაუქმებაზე. „ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, რომ აირჩიონ პრეზიდენტი, აი ეს არის სიმართლე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ხალხის გაღიზიანებას უნდა მოერიდოს.

 „მე მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მომიწოდებს, რომ დღეს არ გამოვიდე პრეზიდენტის სასახლიდან, ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში, ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს. იმიტომ არის შუშის, რომ გამჭირვალე იყოს ხალხისთვის და ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ ვიაროთ ყველგან, შევხვდეთ საზოგადოებას, გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოსთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ის, რაც დღეს ვნახეთ, არის ისტორიული მომენტი. მე მინდა თითოეულმა ჩვენგანმა დასვას კითხვა, ეს არის ის საქართველო, რომელიც გვსურდა?! ეს არის ის გზა, რომელიც ევროპისკენ მიგვიყანს?! ამ ყველაფრის წახალისება ხდებოდა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან, ტელეეთერებით, სოციალურ ქსელებში. მე ბოლო ხანებში ვფიქრობ, რომ ვეღარ ვხვდები თუ რა შეიძლება ხდებოდეს, რადგან შესაძლებელია ყველაფერი გვინდოდეს, გარდა იმისა, რაც დღეს ვიხილეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

კომენტარები