შსს

შსს-ს 6 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

შსს-ს 6 ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

ნინო გიორგობიანის თქმით, გასული წლის აგვისტოში, ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდში, მისივე დავალებით, 7 პოლიციელი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აწამეს.

''ბაჩანა ახალაიამ ამ თანამშრომელთა დასჯა-წამების ორგანიზება და შესრულება დააავალა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს - დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს'', - განაცხადა ნინო გიოგობიანმა.

მისივე თქმით, 2012 წლის 18 აგვისტოს ახალაიამ შსს-ს პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობის სასწრაფოდ შეკრების ბრძანება გასცა, რაც სისრულეში მოიყვანა ამავე სამმართველოს უფროსმა დავით ვეკუამ.

''ამავე დღეს, საღამოს 9 საათზე ახალაია ბაზაზე მივიდა, სადაც მოედანზე შეკრებილი იყო პირველი სამმართველოს პირადი შემადგნელობა, რა დროსაც მინისტრმა 7 მათგანს მიმართა, რომ არსებობდა ჩანაწერები, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციას. შსს-ს ცნობით, ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა, ხოლო ვეკუამ სამხრეები ჩამოახია და ყველა მათგანი დაითხოვეს სამსახურიდან'', - აღნიშნა გიორგობიანმა.

გამოძების ცნობით, ეს პიროვნებები მეორე დღეს, ახალაიამ ისევ დაიბარა ''და უთხრა მათ, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე''.

გიორგობიანის ცნობით, შსს-ს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე მიყვანილი არა 7, არამედ 38 თანამშრომელი ფიზიკურად შეურაცხყვეს, ''გააშიშვლეს და ასე არბენინეს, ყელზე გამობმული ქამრით სცემდნენ და ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. შემდეგ შვიდივე ნაცემი ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს და ზემოდან მიწა დააყარეს. ამის მერე ისევ გააგრძელეს მათი წამება, ცემეს ჯაჭვით და დღის ბოლოს ერთ-ერთ შენობაში დაატყვევეს''.

''გამოძიების ინფორმაციით, ასეთ პირობებში მათ თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდათ 1 თვის განმავლობაში და მხოლოდ 21 სექტემბერს გაათავისუფლეს; თან გააფრთხილეს, რომ ოჯახის წევრებისთვის ეთქვათ, თითქოს ფიზიკური დაზიანებები წვრთნის დროს მიიღეს. გამოძიების ცნობით, დაზარალებულები დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადიან'', -აღნიშნა გიორგობიანმა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს-ს 6 ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით არის აღძრული. 

 

კომენტარები