ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია: ასეთ სისულელეებზე კითხვა აღარ დამისვათ

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, პრემიერს 100 დღის განმავლობაში შედგენილი გრძელვადიანი გეგმა გააცნეს. მისივე თქმით, ამიერიდან მეტი აქცენტი საბრძოლო მზადყოფნაზე გაკეთდება. 

"მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მოვახერხეთ სახსრების მობილიზება იმისთვის, რომ პირველ რიგში რაც არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება - ჯარისკაცი, მეომარი, მისი სოციალური პრობლემები გადაწყდეს და მას ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. ამიტომ ჩვენ უკვე გავზარდეთ ავღანეთში ჩვენი მებრძოლების ხელფასი და უახლოეს დღეებში ვაპირებთ, გავზარდოთ 25%-ით სამხედრო მოსამსახურეების 89%-ის ხელფასი. ჩვენ ვიზრუნეთ მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე და მალე გამოქვეყნდება, რა ჯანდაცვის პოლისი ექნებათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. მათი სამედიცინო მომსახურება მინისტრისა და გენერლის მომსახურებას გაუთანაბრდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

რაც შეეხება ჟურნალისტების დასმულ კითხვს დუბაიში ვიზიტის შესახებ, ალასანიამ მათ სთხოვა, ''ასეთ სისულელეებზე კითხვები აღარ დაუსვან''.

"ძალიან გთხოვთ, ასეთ სისულელეებზე საუბარს ნურც ერთმანეთს ვაკადრებთ. ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის რეალურად რაც საყურადღებოა, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება. ასეთი სპეკულაციები და ჭორაობა ღირსებას არავის სძენს. პრემიერმა ძალიან კარგად თქვა ამის შესახებ. ამით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც იმიტომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რომ ასეთი ჭორაობებით, ასეთი პირად ცხოვრებაში ჩართვით გაღიზიანების გამო დაესრულებინათ ის პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ", - განაცხადა ალასანიამ.

დუბაიში ალასანიას ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა.

"ჭორებზე ნუ ისაუბრებთ. საქართველო ნუ აჰყვება ჭორებს და ნუ გახდება ჭორიკანა ქვეყანა. ამ ყველაფერს ძველი ხელისუფლება ახერხებს", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, თავდაცვის სამინისტროში საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. 

კომენტარები