ამნისტია

პრეზიდენტი ფინანსური დანაშაულებების ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის ამნისტირებას გულისხმობს. 

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" - ასე ეწოდება პრეზიდენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც იმ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას გულისხმობს, რომლებიც 2013 წლის 1 იანვრამდე 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებებს შეიცავს. 

კანონის მოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) ისეთი დანაშაულებრივი გზით დააგროვეს, როგორიცაა - ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი და ტრეფიკინგი. პროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეხსნებათ.

პრეზიდენტის ამ ინიციატივის ფარგლებში ასევე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესები.

კომენტარები