ოკუპირებული ტერიტორიები

ახალი ხელისუფლება და ოკუპირებული რეგიონები

რუსული გრადების კოლონა ცხინვალში შედის. 13 აგვისტო, 2008

რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი გორი. 10 აგვისტო, 2008
შობა-ახალი წლის განწყობამ მცირე ხნით პოლიტიკისგან განტვირთვის სასიამოვნო შესაძლებლობა მოგვცა. არაფერი მომხდარა ისეთი, რაც საინფორმაციო გამოშვების ყურებას გვაიძულებდა. ხანმოკლე ამოსუნთქვის შემდეგ კი ჩვენი ყოფა ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესიც მატულობს.

პოლიტიკურად დამუხტული გარემო ჩვენთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. უფრო უჩვეულო, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გზის გასაყარზე დგომის შეგრძნებაა – პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან სამი თვის თავზე საზოგადოება კვლავ ცდილობს გაერკვეს ახალ რეალობაში და წარმოდგენა შეიქმნას საკუთარ მომავალზე. დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიისა და ხელისუფლების გადაბარების პროცესის შემდგომ, უმეტესობა პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდა, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაცილებით მეტი კითხვა დაგროვდა, ვიდრე პასუხი, რომელიც მწყობრი, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემდა.

გამონაკლისს არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა წარმოადგენს. ჯერ კიდევ ძნელია დანამდვილებით ითქვას, როგორია მთავრობის, მით უფრო საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანი ხედვა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. პირველადი ანალიზი მხოლოდ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა კი, ჯერჯერობით, უფრო ზოგადი, ბუნდოვანი, ცალკეულ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავიც კი არის.

2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ეპიზოდს წარმოადგენს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთული გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს ოკუპაციის სიმწვავის აღქმის განელება და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ნაკლებად პრიორიტეტულად აღქმა და, მით უფრო, მისი სხვა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებთან მორგება.

2008 წლის შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით, სახელმწიფო პოლიტიკა რამდენიმე ძირითად კომპონენტს დაეფუძნა, რომელთა ქვაკუთხედი ოკუპაციის შესახებ კანონი გახდა. ამ კანონით საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებდა რეალობის შელამაზებას, არსებულ ვითარებას საკუთარ სახელს არქმევდა და მზად იყო, მყარი სამართლებრივი საფუძველი შეექმნა მომავალი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარებისათვის.

საკანონმდებლო აქტივობის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საყოველთაო საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების ოკუპაციად აღიარება, საგარეო ურთიერთობების მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსეთმა საწადელს ჯერჯერობით ვერ მიაღწია – ვერც მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მოსურნე სახელმწიფოთა რიცხვი გაზარდა კრიტიკულ მასამდე და ვერც ოკუპანტის სტატუსს დააღწია თავი.

სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ოკუპირებული რეგიონების მკვიდრ მცხოვრებლებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ორიენტირებული სტრატეგია. საქართველოს ხელისუფლებამ პირველად დაიწყო გამყოფი ხაზებით დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენაში მიზანმიმართული, თანმიმდევრული ინვესტირება. ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია ძალიან პრაგმატულ მოსაზრებაზეა დაფუძნებული. ოკუპაციის პირობებში დიპლომატიური აქტივობის პარალელურად, აუცილებელია ადამიანებს შორის კავშირების აღდგენის გზით მათი სამომავლო თანაცხოვრებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა.

საფუძველს მოკლებული იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, თუნდაც ადგილობრივ რეჟიმებთან ურთიერთობის გზით, შესაძლებელი გახდებოდა რუსეთის პოზიციისაგან დამოუკიდებლად დეოკუპაციის პროცესის

რუსი სამხედროები და ოსი ბოევიკები თბილისი-გორის გზაზე. 13 აგვისტო, 2008
დაწყება, ასობით ათასი დევნილის საკუთარ სახლ-კარში უსაფრთხოდ დაბრუნება და მთლიანობაში კონფლიქტის მოგვარება.

დღეისთვის შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან სახელმწიფო პოლიტიკის არქიტექტურა, ან თუნდაც ამ პოლიტიკის გამჭვირვალობის ხარისხი.

არსებითია, შეიცვლება თუ არა კონფლიქტთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რამდენად ასახავს იგი არსებულ რეალობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვისათვის ეგზისტენციალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებს. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალისთვის დაუშვებელი უნდა იყოს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სივრცეში, ისევე როგორც საგარეო ურთიერთობებში, ოკუპაციის ბუნდოვანი, შელამაზებული ტერმინით ჩანაცვლება. ან სახელმწიფო პოლიტიკის საბოლოო მიზნად ორივე რეგიონის რეინტეგრაციის ნაცვლად რაიმე გაურკვეველი კონცეფციის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, კარგად გააზრებული სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგია არ იყოს შერაცხული წინა ხელისუფლების გაუმართლებელ რიტორიკად, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტის მოგვარების თითქოსდა ახალი შესაძლებლობები.

ოკუპაციის შესახებ კანონის სავარაუდო ცვლილებები მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილების არსის განსაზღვრისათვის. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუზღუდავი მიმოსვლა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება დაიშვას. აღსანიშნავია, რომ კანონის დღევანდელი რედაქციით, სამხრეთის მიმართულებიდან (საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიებიდან) ოკუპირებულ რეგიონებში მიმოსვლის თვალსაზრისით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. კანონი კრძალავს ჩრდილოეთიდან, საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი სასაზღვრო პუნქტებიდან ოკუპირებულ რეგიონებში შემოსვლას, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ოკუპანტის მიერ თავსმოხვეული რეალობის მიუღებლობითაა განპირობებული.

შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის მხრიდან რეგიონებში შეუზღუდავად შესვლის რეჟიმის შემოღება და რამდენად ხელშემწყობი შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დაახლოებისა და საბოლოო რეინტეგრაციისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დღითი დღე იზღუდება მიმოსვლის თავისუფლება. ოკუპანტი, ყველა მიმართულებით, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საოკუპაციო ხაზი სრულყოფილ სასაზღვრო ზონად ჩამოყალიბდეს. ბოლო თვეების განმავლობაში უკიდურესად გართულდა რეგიონებში შესვლის პროცედურები და შეიზღუდა იქ მცხოვრებთა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობები.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, კანონის თანახმად, მოქმედ ზოგად აკრძალვას გამონაკლისები აქვს. სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, საქართველოს სამართლებრივი სივრცის ფარგლებში მოქმედებენ, ისევე, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართულ შემთხვევებში. ძალიან ბუნდოვანია, თუ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის შეუზღუდავმა დაშვებამ ამ რეგიონების საქართველოში რეინტეგრაციას. ან რა ბერკეტების მეშვეობით იქნება შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასობით ათასი დევნილის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა.

ოკუპაციის კანონის გადახედვის აუცილებლობა რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო განახლებასთანაც იყო დაკავშირებული. არაერთი და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადების ფონზე, ძნელი სათქმელია, რას გეგმავს ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი და მრავალწახნაგოვანი საკითხია, რომ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ტრანსპარენტული და ღია უნდა იყოს.

საგარეო ურთიერთობებში განმსაზღვრელი იქნება არაღიარების პოლიტიკის წარმატებულად გატარების მიზნით ქართული დიპლომატიის აქტივობის განგრძობადობა, ოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკის პრიორიტეტულად დასახვა – როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შედეგად კითხვები გაჩნდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებითაც. დღეისთვის ბუნდოვანია, იქონიებს თუ არა რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის მიერ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ზეგავლენას ჟენევის მოლაპარაკებებზე. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთისთვის ძნელად მისაღები იყო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის განსაზღვრული ფორმატი. რუსეთი პირველად განისაზღვრა როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელი ან მედიატორი.

ჟენევაში მოლაპარაკებები წარმოებს კონფლიქტის ორ მხარეს – საქართველოსა და რუსეთს შორის, საერთაშორისო თანამეგობრობა კი მედიატორის როლში გვევლინება. მოლაპარაკებების ბოლო (ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი პირველი) რაუნდი უკიდურესად მძიმე გამოდგა. მომავალში მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი რაუნდების სამუშაო რეჟიმში გადაყვანა. ამ მხრივ საინტერესოა, გეგმავს თუ არა ახალი ხელისუფლება, მისი ცალკეული წარმომადგენლების მიერ აფხაზური და ოსური მხარეების კონფლიქტის მხარეებად აღიარების შესახებ ადრე გაკეთებული განცხადებების რეალურ პოლიტიკაში ასახვას და ამ

რუსული გრადების კოლონა ცხინვალში შედის. 13 აგვისტო, 2008
ნაბიჯით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირეულ გადახედვას.

ძნელი განსასაზღვრია ახალი ხელისუფლების ხედვა ჩართულობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებითაც. გაურკვეველია, იგეგმება თუ არა მოქმედი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა ან ახლით ჩანაცვლება. ცვლილებების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება პროცესის ტრანსპარენტულად წარმართვა და, რაც მთავარია, შენარჩუნებული და გაძლიერებული უნდა იყოს თანამშრომლობის ის პოზიტიური დინამიკა, რაც მოქმედი სტრატეგიის აღსრულების მეშვეობით იქნა მიღწეული.

დასასრულ, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მიუხედავად მრავალი საჭირბოროტო საკითხისა, ქვეყნის გამთლიანება და ასიათასობით ჩვენი თანამემამულის საკუთარ სახლ-კარში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საზოგადოებისთვის კვლავაც მთავარი საფიქრალი იქნება და ეს დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს არსებობის პირობებში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელიც გახდება. დრო წარმოაჩენს, რამდენად სიმპტომატური შეიძლება იყოს ის, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება საინფორმაციო ნაკადის მორევში ჩაიკარგა და საზოგადოების რეაგირება არ გამოუწვევია.

 

 

კომენტარები