ქართული ოცნება

დავით საგანელიძე: როგორც ჩანს, ისინი მართლაც ჩანერგილები არიან ჩვენს პარტიაში

დღეს, ქართული ოცნების აქტივისტების აქციები გაიმართა აბაშაში, გორსა და რუსთავში. აქციის მონაწილეები დავით საგანელიძისგან ბოდიშის მოხდას ან განცხადების დასაბუთებას  მოითხოვენ, ხოლო პარტიისგან - კუთვნილ ანაზღაურებას. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

საგანელიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ''ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, რომ ქართულ ოცნებაში არსებობს დაპირისპირება''.  

მისივე თქმით, დაპირისპირება პარტიის შიგნით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ეს არეულობა ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ არის ინსპირირებული. 

''მე კითხვას ვსვამ, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, იგივე თავისუფალი დემოკრატების პარტიის წევრებს, რა საქმე აქვთ ვის აირჩევს ქართული ოცნება. მე მივმართე ჩვენს კოალიციაში შემავალ წევრებს, რომ ეს ადამიანები პარტიიდან გაერიცხათ, რადგან, როგორც ჩანს, ისინი მართლაც ჩანერგილები არიან ჩვენს პარტიაში. სამწუხაროდ, მათ აიყოლიეს დიდი ჯგუფი მართლაც თავდადებული ადამიანებისა'', - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

მანვე მიმდინარე მოვლენები ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა. 

"ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი 4 წელი არ დაუცდიან ხელისუფლების ცვლილებას, დაიწყებენ ქუჩაში გამოსვლას და მანიფესტაციებს. უკვე დაიწყეს, როგორც ჩანს. მეტი მაგ საცოდავებს არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ასეთი ჩანერგილი ადამიანები გაააქტიურონ. მოვუწოდებ როგორც რუსთაველებს, ასევე ხონელებსაც და აბაშელებსაც, ნუ აჰყვებიან ამ 2-3 კაცს", - აღნიშნა საგანელიძემ. 

რაც შეეხება ანაზღაურების დაგვიანების პრობლემას, რაც ასევე საპროტესტო აქციებზე გაჟღერდა, საგანელიძის თქმით, ეს პრობლემა არ არსებობს. 

დავით საგანელიძის განმარტებით, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ხვალ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე, განცხადებას გააკეთებს. 

შეგახსენებთ, ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას რამდენიმე ქალაქში ინციდენტი მოხდა, ზოგან პარტიული კონფერენციაც ჩაიშალა. კოალიციის რეგიონულ კომიტეტებში დაძაბულობა გრძელდება. დავით საგანელიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვა მოითხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ''სხვა დასკვნებს გამოიტანდა''.  

კომენტარები