ჭიდაობის ფედერაცია

კურტანიძე: „არავის უნდა გაუკვირდეს, ჩვენ თუ ხელით ჭიდილი გავმართეთ“

ტელეკომპანია რუსთავი ორის ეთერში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ ფედერაციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიულობის თანმდევი მომენტია: "ხუთი ვიცეპრეზიდენტი მყავს და მათგან რომელიმე თუ სხვა აზრს გამოხატავს, პრობლემა არ არის. მე ბატონ თემურ ყაზარაშვილს მოვუწოდებ, ევროპის ჩემპიონატამდე  დაგროვილი  უამრავი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტაში დაგვეხმაროს. ჩვენ გამარჯვება ერთად უნდა ვიზეიმოთ", - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ. 

"ჭიდაობის ფედერაციაში უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ კომუნისტების დრო დამთავრდა და მარტო მწვრთნელები კი არა, მსოფლიოში პრეზიდენტებიც იცვლებიან. ცვლილებები მტკივნეულია, თუმცა ამასთან შეგუება ნებისმიერ მწვრთნელსა და მოჭიდავეს მოუწევს", განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა. 

დღეს კურტანიძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ასევე თქვა, რომ მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და ადამიანების ცემა, კურტანიძემ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა, ამ საკითხზე სამართალდამცავები მუშაობენ და ცემის ფაქტი დადასტურებული არ არის. "თემურ ყაზარაშვილი არ არის ის ადამიანი, ვიღაცამ ასე ადვილად ცემოს, - ამბობს კურტანიძე, - გარწმუნებთ, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ხელით შეხება რომ ყოფილიყო, ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდებოდა. ჩვენ თუ ხელით ჭიდილი გავმართეთ და ხელი ერთმანეთს მკლავებში ჩავჭიდეთ, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, ამას ვემსახურებით ოცდახუთი წელია".

კომენტარები