პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: ნუ გგონიათ, რომ ჟურნალისტებს ყველაფრის უფლება გაქვთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტები ნაციონალური მოძრაობის აგიტატორობაში დაადანაშაულა.

''კოალიცია რომ იშლება, ეს თემა უნდა ააგოროთ, ხომ? აბა, გისმენთ", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მყოფ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ქართულ ოცნებაში ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია და კოალიციის დაშლის შესახებ ''ხმები ნაციონალურმა მოძრაობამ ააგორა''.  

"თქვენ სწორედ იმ აგიტაციაში ზიხართ, რასაც გიგეგმავენ. მოგმართავთ თქვენ, როგორც რუსთავი 2-ს, ასევე სხვა ტელევიზიებს. თქვენ ახალგაზრდები და ამ ქვეყნის შვილები ხართ, ნუ გააშუქებთ საკითხებს ისე, როგორც გიგეგმავენ. ახლავე გაჩვენებთ თქვენი კითხვის უსუსურობას, რადგან ამ თემაზე მე გუშინ ვილაპარაკე. ალასანიამაც მოგცათ განმარტებები, რამდენადაც ვიცი. ასე არ უნდა მოიქცეთ, ნუ გგონიათ, რომ ჟურნალისტებს ყველაფრის უფლება გაქვთ. მე მიგითითებთ არა როგორც პრემიერმინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ყველას აქვს ამის უფლება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების მომხრეებს შორის რეგიონებში მიმდინარე პროცესებიც ''შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის მიერ იყოს ინსპირირებული''.

''თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უნდა გაეკეთებინა აქცია რუსთავში დავით საგანელიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობა ახლა ახერხებს იმას, რომ რეგიონებში გამგებლებისა და საკრებულოს ხელმძღვანელების შეცვლა, რომელიც აჟიოტაჟით ხდებოდა, რა თქმა უნდა, მათგან მართული იყო, ახლა ეს პროცესი ჩამთავრდა და რაღაც ხომ უნდა იყვიროს ნაციონალურმა მოძრაობამ? ახლა გადმოერთვნენ და პარტიის რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე გვედავებიან. თურმე ქართული ოცნების წარმომადგენლები აქციებს აწყობენ, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და არა ეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ინსპირირებულია", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, იუსტიციის სახლში პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. 

კომენტარები