ჭიდაობის ფედერაცია

ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს სცემა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს სცემა. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია ფედერაციის მისაღები ოთახი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო. მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება. ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?! - მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი. ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცეპრეზიდენტი ვარ! ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა", განაცხადა ყაზარაშვილმა.

ფიზიკურ შეურაცხყოფაში კურტანიძე მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმაც დაადანაშაულა. 

"კაცი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დღეიდან ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება. ხვალ 200-300 კაცი იქნება, რაც საჭიროა! იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა პატარა ბავშვებს ანახა და აყურებინა, როგორც ცემა მსოფლიო ჩემპიონი", განაცხადა აბრამიშვილმა.

კურტანიძემ დაადასტურა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში ინციდენტი მოხდა, თუმცა უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მისი თქმით, ყაზარაშვილი და აბრამიშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იქვნენ. 

ჭიდაობის ფედერაციაში სიტუაციაში გასარკვევად სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მივიდა. ყაზარაშვილი და აბრამიშვილი კი საკუთარი სურვილით ნარკოლოგიურ შემოწმებას გადიან, რათა დაადასტურონ, რომ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან. 

კომენტარები