შეწყალების კომისია

შეწყალების კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა

შეწყალების საკითხთა კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

კომისიის შემადგელობაში შედიან: დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, მიტროპოლიტი თეოდორე.

შეწყალების კომისიას კვლავინდებურად ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს.

წინა კომისიისგან განსხვავებით, ახალ შემადგენლობაში არ არიან მინისტრები და დეპუტატები. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, კომისიაში უნდა შედიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

"რაღაც პარიტეტი უნდა იყოს დაცული და კომისიაში შედიოდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ისევე, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები. საქმეები, რომელსაც კომისია განიხილავს, შესწავლილი უნდა იქნეს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გარდა ამისა, შეწყალების კომისიისგან შეწყალების შუამდგომლობაზე უარის მიღების შემთხვევაში, ხელახალი მიმართვის ვადა მცირდება და სამი თვით განისაზღვრება. აქამდე მოქმედი წესით, ეს ვადა ექვსი თვით განისაზღვრებოდა.

შეწყალების კომისიის სხდომის ჩატარება განახლებული შემადგენლობით, ერთ კვირაში იგეგმება. 

კომენტარები