გამოძიება

ჩოჩელი: თავს დამნაშავედ არ ვცნობ

"არანაირად არ ვცნობ თავს დამნაშავედ. ამას, ალბათ, გამოძიება შემდგომში დაადგენს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, რომელმაც გლდანის ციხე გვიან ღამით დატოვა. მისივე თქმით, იგი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცეზარ ჩოჩელს აღმკვეთ ღონისძიებად 200 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჩოჩელისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

26 იანვარს სასამართლო პროცესზე ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

"თუ ჩემი მხრიდან რომელიმე მოწმესთან კონტაქტი დამყარდება გათავისუფლების შემთხვევაში, თანახმა ვარ, რომ ბრალი დამიმძიმდეს. არცერთ მოწმეს არ დავკავშირებივარ აქამდეც და არც შემდგომში ვაპირებ. სამი ბიჭის მამა ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილები სახელოვანი მამის შვილები იყვნენ და არ მინდა გაქცეულის სახელი დამერქვას", - განაცხადა ჩოჩელმა.

ამასთან, მან განცხადება გააკეთა მის წინააღმდეგ მთავარი მოწმის, ნიკოლოზ შაქარაშვილის შესახებ. როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, მასთან კონტაქტი 2010 წლიდან აღარ ჰქონია.

"შაქარაშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ ჯანმრთელად არის", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში წაუყენეს.

კომენტარები