სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახური: ნაციონალური მოძრაობის სამართალდარღვევებზე ამნისტია ვრცელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინა, რომელზეც ამნისტია ვრცელდება, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამართადარღვევა მოიცავს უკანონო შემოწირულების მიღებასა და განხორციელებას. 

მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილი საკითხი შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლის სექტემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართულ მხარდამჭერთა აქციებს, როდესაც, განცხადების მიხედვით, პარტიამ ასეულობით სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა.

„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სექტემბრის თვეში საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის, 126. 900 ლარის საწვავი გამოიყენა, რომლის დეკლარირებაც კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია, რაც პარტიის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ზუგდიდში ჩატარებული აქციისთვის 40 ათასი ლარი გაიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, რომლის დეკლარირება ნაციონალურ მოძრაობას არ მოუხდენია, რითაც ორგანული კანონის მოთხოვნები დაარღვია. არ მომხდარა დამატებით 120 ათასი ლარის დეკლარირება, რომელიც თბილისის მერის მოადგილემ, დავით ალავიძემ, შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ პირადი სახსრებიდან ერთი დღით გადასცა, რათა მათ აღებული ვალდებულების შესრულება მოესწროთ. თანხა ალავიძეს მეორე დღესვე დაუბრუნდა. განცხადებაში საუბარია ასევე არადეკლარირებულ 555 ათას ლარზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადმოგზავნილი მასალები შეეხება 2012 წლის სექტემბერში განხორციელებულ ქმედებებს. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდარღვევა ჩადენილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და მათზე ვრცელდება საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული ამნისტიის აქტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები