საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: სამწუხაროდ, ევროსაბჭოშიც მოახერხეს სიცრუის შეტანა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ ევროპაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ევროსაბჭოშიც მოახერხეს სიცრუის შეტანა". ივანიშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ კრიტიკულ ჩანაწერებს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.  

"სიცრუის გატანას ისინი ისევ ახერხებენ ნაწილობრივ და სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც შეიტანეს ეს სირცუე. ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელების და ამერიკელების მოტყუებას, მაგრამ ძალიან ცოტასი და ძალიან უმნიშვნელო საკითხებში. ესეც მალე დასრულდება", - განუცხადა დავოსში ვიზიტით მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება მედიის თავისუფლებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. რეზოლუციაში საქართველოცაა მოხსენიებული და მას ორი - მე-20 და 21-ე პუნქტები ეხება.  
"20. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობამ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლა ხელმძღვანელობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის გატარების მიზნით. ამასთან, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შესთავაზა თავის კუთვნილ მეცხრე არხთან გაერთიანება, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა და შეცვალა საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ. 
21. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული მოულოდნელი ფინანსური შემოწმების გამო, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისგან აგრესიული ხასიათის პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილების პარალელურად. ამ ნაბიჯებს წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მეცხრე არხის გაერთიანების შესახებ, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა, ასევე მფლობელების ცვლილებას საქართველოს კერძო მედიაში", - აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

კომენტარები