თბილისის მიკროავტობუსი

თბილისში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა

დღეს, 25 იანვარს, დილის 08.00 საათიდან, თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული მძღოლები გლდანის ავტოპარკში, ქერჩის ქუჩაზე არიან შეკრებილი. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, სულ 600-მდე მანქანის მძღოლია გაფიცული და მათ გაფიცვას უერთდებიან სხვა ავტოპარკებიც. ისინი რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ: კერძოდ, დღიური გეგმის, სამუშაო საათების შემცირებასა და ანაზღაურების მომატებას, ბუღალტრის გადასახადის გაუქმებას და ინდმეწარმის გადასახადისგან გათავისუფლებას. 

"ჩვენ ასევე ვითხოვთ, მიკროავტობუსებზე ზეთი და ფილტრები შეიცვალოს არა მათ მიერ დასახელებულ ცენტრებში, არამედ იქ, სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. გაუქმდეს ბუღალტრის გადასახადი, სასწრაფოდ დატოვონ თანამდებობა ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის - თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ. დადასტურდეს, დაზღვეულია თუ არა სამარშრუტო ტაქსები სადაზღვევო კომპანია "პარტნიორში", რადგან გვაქვს ეჭვი, რომ არ არის დაზღვეული. მიკროავტობუსებს აღუდგინონ გარანტია ძრავზე, ხიდზე და სხვა ნაწილებზე. გადაიხედოს შრომითი ხელშეკრულებები, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს დარღვევები. დაიდოს კანონით გათვალისწინებული ახალი შრომითი ხელშეკრულებები მძღოლებსა და "თბილაინს" შორის. ასევე, დაუბრუნდეთ მძღოლებს ჩამორთმეული მანქანების გასაღებები", - აცხადებენ მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები. 

კომენტარები