საქართველო-რუსეთი

ვალერი ხაბურძანია საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საქართველოში პრორუსული  პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან რადიო პალიტრის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" ჩართვისას ისაუბრა. ამჟამად რუსეთში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ის ამ ეტაპზე საქართველოში მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს ეძებს და მათთან გაერთიანებას გეგმავს, ახალ ხელისუფლებას კი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შემთხვევაში მისი ცნობისა და აღიარებისკენ მოუწოდებს. 
"დღეს მე საქართველოში პრორუსული ძალის არსებობას ვერ ვხედავ, აშკარაა, რომ ახალი ხელისუფლება დასავლეთისა და ამერიკისკენ იხრება. ვფიქრობ, პროამერიკულმა და პრორუსულმა ძალებმა ღია კონკურენცია უნდა დაიწყონ საქართველოში. ამერიკელები დღეს იაფად ყიდულობენ საქართველოს. რუსები ამაში ფულს საერთოდ არ იხდიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ორივე მხარე, საქართველოში დიდი ფული გადაიხადონ", - განაცხადა ხაბურძანიამ და აღნიშნა, რომ ვაჭრობაში პოლიტიკურ ინტერესებს გულისხმობდა. 
"თუ აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და რეალური ფული დახარჯოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ რუსეთს უნდა კეთილმეზობლობა და კეთილგანწყობა, მათაც ფული უნდა დახარჯონ საქართველოში და ჩვენ ამ ძალების ლეგალიზებას და ჯანსაღ, ღია კონკურენციას მოვახდენთ", - აცხადებს  ხაბურძანია. 
ამასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, არსებობს უამრავი საკითხი, რომელშიც საქართველოს და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ. 
"მე ვატარებ საქართველოს ინტერესებს, რომელიც დაემთხვევა რუსეთის ინტერესებს, ამ მხრივ კი ბევრი საერთო არსებობს, პირველ რიგში - სტაბილურობა და მშვიდობა კავკასიაში, მეორე - სარწმუნოებრივი. ვფიქრობ, რუსეთს ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ უნდა შევთავაზოთ კავკასიაზე სრული გავლენის ქონაზე ხელის შეწყობა", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ. 
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა საკუთარი პოზიცია NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებითაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ არცერთ ამ სტრუქტურაში საქართველო არავის სჭირდება.

კომენტარები