სამთავრობო ცვლილებები

ივანიშვილი: ირაკლი ალასანია გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცეპრემიერობიდან გადაყენების საკითხს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმა განაცხადა, რომ „ირაკლი ალასანია გაგებით მოეკიდა იმასб რაც მოხდა“. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.
 „ირაკლი ალასანია გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა... და მოხდა ის, რომ მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს. მან მოახერხა და თავის გუნდში, ვიწრო წრეში, დაიწყო განხილვა, და არა წამოაყენა თავი პრეზიდენტად. დაიწყო განხილვა, რომ შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო ჯგუფში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ამავე კონტექსტში პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს რეგიონული ოფისების ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მან პარტიის თავმჯდომარეობა გადაწყვიტა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას. პრემიერმა ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს „ხიბლი“ და რეიტინგი დაკარგვოდათ. თუმცა, „ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა“ და საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. „ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ამ „ჭორებს“ შეეწირა ალასანიას ვიცეპრემიერობა.
პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ „არც ირაკლისთვის იქნება ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე“, მით უფრო, რომ საქართველო NATO-სთვის ემზადება.

კომენტარები