ინფრასტრუქტურა

დავით ნარმანია ვანო მერაბიშვილს პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საპასუხოდ, დღეს, 15 იანვარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა და 2013 წელს ამ კუთხით სამინისტრო 180 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2012 წელს. 
"ამასთან, საქართველოს 25-მდე მუნიციპალიტეტში ინიცირებულია წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტები. განხორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა. პროექტების თვალსაზრისით 2013 წელი ძალიან დატვირთული იქნება და იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე 2012 წელს იყო დასაქმებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პროექტების შეფერხებების გამო უმუშევრობის ზრდასა და საბიუჯეტო კრიზისს ნამდვილად არ ველოდებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 
მინისტრი 2013 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ხვალ, 16 იანვარს, წარუდგენს. 
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ყოფილმა პრემიერმა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა. 

კომენტარები