მედია ეთიკა

მედიის განვითარების ფონდი: მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაიცვან ქცევის კოდექსი

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 14 იანვარს თბილისის პროკურატურის მიერ მიწოდებული ვიდეოკადრების მედიაში გავრცელების გამო.

”მედიის განვითარების ფონდი, პირველი რიგში, მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან დაირღვა ვიდეოკადრებში ასახულ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებას აკისრებს ვალდებულებას, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაცია, თავად ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე კანონდარღვევით მოპოვებულ ინფორმაციასთან გვაქვს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა მედიისთვის პროკურატურის მიერ მიწოდებული ვიდეომასალა მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა”, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის განვითარების ფონდი მედიის მხრიდან საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დეფიციტსა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევაზე საუბრობს: ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35 (10) მუხლი მკაფიოდ განმარტავს, რომ “მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული ინფორმაციის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ, არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა”. აშკარაა, რომ მედიასაშუალებებს საკმარისი ზომები არ მიუღიათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებში იდენტიფიცირებულ პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფა. მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს, ერთი მხრივ, პროკურატურას, აღკვეთოს უკანონოდ მოპოვებული მასალების ტირაჟირება და პატივი სცეს კანონმდებლობას; მეორე მხრივ, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაიცვან ქცევის კოდექსის დებულებები და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაა”. 

პროკურატურამ კადრები გუშინ გაავრცელა. 

კომენტარები