აშშ-ს ელჩი

ნორლანდი: მნიშვნელოვანია, რომ კოჰაბიტაციის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორ გაგრძელდეს კოჰაბიტაციის პერიოდი", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოელ ელჩებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები გააცნეს.
უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ამერიკელ დიპლომატს საკუთარი მოსაზრება არ დაუფიქსირებია და აღნიშნა, რომ მასზე საუბარი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უმჯობესია. 
"მე ვფიქრობ, რომ დიპლომატებმა არ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ პარლამენტის სპიკერი ან ქართული ოცნების წარმომადგენლები თავად ეტყვიან მედიას იმის შესახებ, თუ რა საკითხები განვიხილეთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, თუ როგორ გაგრძელდეს კოჰაბიტაციის პერიოდი. მთელი საერთაშორისო საზოგადობა მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა ნორლანდმა.

 

კომენტარები