თავდაცვის სამინისტრო

ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ, ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება.

"ავღანეთში მისიის სახეცვლილება მოხდება - საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალები არ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ავღანელი კოლეგების ტრეინინგში, განათლებაში და გამოცდილებაში. ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ NATO-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში, თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება'', - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, საქართველოს თავდაცვის აკადემიაში მიიღონ განათლება. 

''ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სტრატეგიას, რა ფორმით, ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო, ჩვენი ამოცანები იქნება, დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებს, ჯარს, რომ ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა, გავუზიაროთ და ასევე მივცეთ შესაძლებლობები განათლების მიღების, ჩვენს თავდაცვის აკადემიაში'', - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

კომენტარები