ვლადიმერ ბედუკაძე

ვლადიმერ ბედუკაძე: ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ

ვლადიმერ ბედუკაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

"ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ. დამაკავეთ და ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად განმიმარტეთ ბრალდება, რასაც პირადად მთელი არსებით ვერძოდი და რისკის ქვეშ დავაყენე ჩემი ოჯახის, მეგობრების პირადი უსაფრთხოება. დამაკავეთ და განმიმარტეთ, რომ ბრალი მედება სამშობლოს სიყვარულში", - წერს ბედუკაძე.

როგორც ბედუკაძე ამბობს, ''იმედი ჰქონდა, რომ პროკურატურა მოუხსნიდა ინტერპოლით გამოცხადებულ ძებნას" და მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავს.

"მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს - ბორის ფარულავა ჩვენი დროის გმირია! პატიმართა გარდაცვალების, ცემის, წამების, გაუპატიურების შეწყვეტისთვის თავგანწირულნი, ამავე მუხლით ვსამართლდებით! იმ ლოგიკით, თუ ბორის ფარულავა დამნაშავეა და აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან, როგორც ბოროტი დამნაშავე და გამოკეტილი გისოსებს მიღმა, მოვითხოვ, ჩემთან ერთად ასევე პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამშრომელი, ვისაც განსაკუთრებით 2005 წლის შემდგომ უმსახურია სასჯელაღსრულების სისტემაში, გარწმუნებთ, ყველა მათგანს თუ მონაწილეობა არ მიუღია პატიმართა ცემა-წამების აქტებში - დაუფარავს მაინც ის! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემსა და ფარულავა-აკობიას მიერ გამოტანილ კადრებში მოხვედრილი პირები (გამონაკილისი მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მმართველი რგოლია) სრული შემთხვევითობაა. ისინი ასრულებდნენ ბრძანებას", - წერს ბედუკაძე. 

ბედუკაძე არჩილ კბილაშვილს მისი ბრალეულობის საკითხის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებს.

"ნუ მაფიქრებინებთ, რომ ქვეყანაზე სამართალი აღარ ყოფილა, ნუ დამარწმუნებთ ჩემ მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოთქმული სიტყვების რეალობაში, რაც შეეხებოდა კადრების გავრცელების სინანულს. მეც და ფარულავამაც თავი გავწირეთ სამშობლოს გადარჩენისთვის და დაე, დავისაჯოთ ამ სიყვარულისთვის", - აღნიშნავს ვლადიმერ ბედუკაძე

შეგახსენებთ, გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორზე, ვლადიმერ ბედუკაძეზე, ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა სექტემბერში გამოაცხადა.

 

 

კომენტარები