პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: "იწყება ახალი, უფრო რთული ეტაპი"

„იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ეტაპი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და აღმშენებლობის გზით განვითარებისათვის“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში.

ივანიშვილის თქმით, „ეს გზა არ იქნება ადვილად სავალი, მთავარია, ჩვენ არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რასაც ჰქვია ევროპული ტიპის ეროვნული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო, გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მომავალი წელიც იქნება ამ მიზნებთან მნიშვნელოვნად დაახლოების წელი“.

ივანიშვილმა განვლილი 2012 წელი შეაფასა, როგორც ემოციებით, მოვლენებით, ვნებათაღელვით სავსე, 2013 წელს კი ოცნებების ასრულების წელი უწოდა. მიმართვაში, რომელიც ხუთ წუთს გრძელდებოდა, პრემიერი რამოდენიმე თემას შეეხო, მათ შორის, „კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზეც“ ისაუბრა:

„ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, რაც მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. დამეთანხმებით, ეს არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მთავარი – კანონის უზენაესობის დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ. საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სრულიად გამჭირვალე პროცესი მიმდინარეობს.“

ივანიშვილი მოკლედ შეეხო საბიუჯეტო პრიორიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თემებს:

„ამ მოკლე დროში ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა მთავარი პრიორიტეტები სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ისე დავგეგმეთ 2013 წლის ბიუჯეტი, რომ იგი მთლიანად ხალხზე ორიენტირებული გახდა. საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა, რაც მისი ეკონომიკურად გაძლიერების საფუძველს შექმნის. სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კი გარანატი უნდა გახდეს იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაუბრუნდება ძალადობისა და შიშის ეპოქას. ყველამ ერთად, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონსტრუქციული კრიტიკისა და თანამშრომლობის ფორმატში ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თანამედროვე, საერთაშორისო თანამეგობრობაში“.

პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი მიულოცა ჯარისკაცებს, ემიგრანტებს, აფხაზებსა და ოსებს, ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა, ასევე საქართველოს „უცხოელ მეგობრებს“.

 

კომენტარები