საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი მთავრობას თანამშრომლობის 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა თავის საახალწლო მილოცვაში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა. “ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა კარგია, თუ ის გვაახლოებს ევროპასთან, თუ ის აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს... ბოლოს და ბოლოს თუ ის უფრო უკეთესს ხდის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების უმთავრესი მიზანი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა არ ნიშნავს ამ მიზნის ავტომატურად მიღწევას”, - განაცხადა მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დასაძლევად მმართველ პარტიასა და მის ლიდერთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვა და საამისოდ 5-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა.

"სანამ დროა, ერთიანი ძალებით გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ დაღმა მიმავალი სპირალიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და არ დავუშვათ ისეთ უფსკრულში გადავარდნა, საიდანაც ძალიან დიდი ხანი ვეღარ ამოვალთ... მე მაქვს კონკრეტული 5-პუნქტიანი გეგმა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან საკუთარი გეგმის პუნქტები ჩამოაყალიბა:

„პირველი - მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ეს მეც მეხება და ამისთვის მზად ვარ. მოდით დავანებოთ თავი ერთმანეთის დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას. კრიტიკა იქნება და უნდა იყოს, მაგრამ მოდით, ნუ დავუშვებთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას. ჩვენ ყველას გვყავს მხარდამჭერები და ამ რიტორიკით ჩვენ თვითონვე გავხლეჩთ საზოგადოებას. პირიქით, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ახლა ერთიანობა გვჭირდება; ერთიანობა - ქვეყნის გასაძლიერებლად.

მეორე - უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია; უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების პირსისხლიან დამნაშავეებად მონათვლის უსაფუძვლო მცდელობა - ეს ასე არ არის - და რაც არ არის იმას ვერანაირი მართლმსაჯულება ვერ დაამტკიცებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს – არა! უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ შეუძლებელია განვითარდეს იმ ქვეყნის ეკონომიკა, სადაც მთავარი სიახლე ყოველდღე არის ის, თუ ვინ დაიჭირეს, ვინ დაიბარეს დაკითხვაზე და ვის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს პირდაპირ აზარალებს, როგორც საქართველოს იმიჯს, ისე მისი განვითარების პოტენციალს.

 

მესამე – მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავაბრალებთ იმ უპრეცენდენტო საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც საქართველომ ბოლო ორ თვეში მიიღო, ერთი-ორი ქართველი დეპუტატის ჯადოსნურ დიპლომატიურ ხრიკებს. მოდით, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას მთელ ცივილიზებულ სამყაროს და ნუ ვიტყვით, რომ მათ ლიდერებს ტვინი აქვთ გარეცხილი, მუდმივად მოტყუებული არიან და რეალობის შეგრძნება აქვთ დაკარგული. მით უმეტეს, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების მიღწევების დაკნინება, იმ მიღწევების, რომლებიც მსოფლიოს მიერ არის აღიარებული; უნდა შეწყვიტოს ჩვენი - წინა მთავრობის ყველა წარმატების ტყუილებად გამოცხადება, რადგან ეს იმ ტოტის მოჭრის ტოლფასია, რომელზეც თავად ზის. ეს რიტორიკა შორს ვერ წაგვიყვანს. მოდით, გავუსწოროთ თვალი რეალობას, ერთად ველაპარაკოთ დასავლეთს და ერთიანი ძალებით გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ რყევა ჩვენს ევროატლანტიკურ კურსში. ხომ ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება და ჩვენი სუვერენიტეტი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მეოთხე - შეწყდეს შეტევა თვითმართველობებზე. შეწყდეს ძალადობისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისება. ეს აქციები არის დანაშაულებრივი ლაშქრობა დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მიგვაქანებს სამოქალაქო აშლილობისა და ქაოსისკენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაუსჯელად ესხმიან თავს პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიული ბანდები, აღარ რჩება ადგილი ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმებისთვის.

მეხუთე – მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. მოდით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ ოთხივე ნაბიჯთან ერთად მოვიწვიოთ დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გავუძღვებით. მოდით, აღვადგინოთ თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან, დავუბრუნოთ მათ სიმშვიდისა და სტაბილურობის, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობის განცდა. მოდით, ერთად ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ ცივილიზებული და სანდო ქვეყანა ცხარე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად. ქართული ეკონომიკისადმი ინვესტორთა ნდობის გარეშე ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება და ჩვენი ხალხი ვერ დასაქმდება.

 "მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ეს ჩემი 5-პუნქტიანი შეთავაზება, არ მიიღონ, როგორც პოლიტიკური თამაში. ამ შეთავაზებით, მე, უპირველეს ყოვლისა, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ვთავაზობ გზას წარმატებისკენ, რადგან ქვეყნის წარმატება, ხალხის წარმატება, უწინარესად, ხელისუფლების წარმატება იქნება. ეს ხუთპუნქტიანი შეთავაზება არც საახალწლო სადღეგრძელო არ არის და არც ულტიმატუმი - ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რომ გავაჩეროთ ქვეყნის უკუსლა და წავიდეთ წინ",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი აპირებს, მომავალი კვირების, და, თუ საჭირო იქნება, თვეების, განმავლობაში ყველა ქართველს აუხსნას, თუ რატომ არის ეს ხუთი ნაბიჯი აუცილებელი საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.

"ეს 5-პუნქტიანი შეთავაზება ნაკარნახევია არა ჩემი პირადი ან პარტიული ინტერესებით, არამედ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორც საქართველოს პატრიოტებს, ყველას, მათ შორის, მეც მაკისრია საკუთარი ქვეყნის წინაშე. ამ ხუთპუნქტიანი გეგმით, მე ვუწვდი თანამშრომლობის ხელს საქართველოს მთავრობას. იმედი მაქვს, მეც, როგორც ოპოზიციის ლიდერი და, ამავდროულად, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერიც, შევძლებ დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა ქვეყნის და ხალხის მომავლის გადასარჩენად. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. საქართველო ჩვენგან ახლა ამას მოითხოვს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ებრაული ტრადიციაა ყოველ წელს თქმა – მომავალ წელს იერუსალიმში! ასევე ჩვენი ტრადიციაა, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველი ახალი წლის წინ ვთქვათ – მომავალ წელს სოხუმში!

"მე გისურვებთ ოცნებების ასრულებას... მათ შორის იმ ოცნებისაც, რომელმაც საარჩევნო ყუთთან მიგიყვანათ და იმ ოცნების, მეც და ბევრ სხვა ადამიანსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ გვამოძრავებდა, ოცნება – ერთიან, ძლიერ, განვითარებულ საქართველოზე",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო გამოსვლაში.

 

კომენტარები