ამნისტიის კანონპროექტი

პრეზიდენტი: პარლამენტმა პასუხისმგებლობა აიღო ანტისახელმწიფოებრივ აქტზე

პრეზიდენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევაზე განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი საშიში აქტია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას:

„მე გადავწყვიტე მოგმართოთ დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. საქართველოს პარლამენტმა გადალახა დღეს პრეზიდენტის ვეტო და ძალაში შეიყვანა სრული მასშტაბით ამნისტიის კანონი.  მე დავადე ვეტო ამ კანონს გუშინ იმიტომ, რომ მინდოდა ქვეყნისთვის თავიდან ამეცილებინა ამ კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები, რომელიც ეხებოდა გარდა ყველა დანარჩენი კატეგორიების შეწყალებისა პედოფილების, მოზარდთა მიმართ ძალადობის, გარყვნილების ჩამდენების, რუსეთის ჯაშუშების და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედრო ელემენტების, მეამბოხეების გარეთ გაშვებას. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ამ ვეტოს გადალახვა და ამგვარად სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ საშიშ აქტზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩვენი საზოგადოების მიმართ.

მე ნამდვილად არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ ის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნარკორეალიზატორები დიდი რაოდენობით გადიან გარეთ, ნიშნავს იმას, რომ რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ ნარკომანია, განვდევნეთ ჩვენი ეზოებიდან, გადავარჩინეთ მთელი თაობა ჩვენი ახალგაზრდობის, ეს ყველაფერი გადაგვეყრება წყალში. მე არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ იმ პირობებში, როცა ამდენი ყაჩაღი, ამდენი ხულიგანი, ზოგს მოეხსნა პრობაციონერობა, რამდენიმე ათასს უკვე, ათიათასზე მეტს და დანარჩენები გამოდიან გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ, ხულიგნები, მძარცველები, ყაჩაღები, ჯიბის თუ სხვა ქურდები, ბინის ქურდები, ბევრად უფრო თამამად დაესხმებიან ჩვენს შვილებს ქუჩებში, ბევრად მეტი იქნება წვრილმანი დანაშაული, ბევრად მეტი ბინა გატყდება საქართველოში, ყველაფერი ის რასაც მივაღწიეთ და რაც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საქართველო, მე მინდა შევახსენო ყველას ითვლებოდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ევროპაში და ეს არ არის ჩემი პიარი, ეს არის რეალობა, იყო მართლა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ეს ყველაფერი ამ და სხვა გადაწყვეტილებებით დიდი საფრთხის და დარტყმის ქვეშ დგება

რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ ასპექტებს, პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო–სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ყველა საქმე იყო კარგად გამოძიებული. რა თქმა უნდა ჩვენ ალბათ რუსეთის ყველა ჯაშუში არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ბევრი ქსელი რუსეთის განეიტრალებული იყო და ამ მხრივ საქართველოს ფუნდამენტურად უსაფრთხოების უფრო მაღალი დაცვა ჰქონდა წინა წლებში შექმნილი. რუსეთის ჯაშუშების, საქართველოს ოკუპანტის ჯაშუშების გარეთ გაშვება არა მხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობაა და უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ წაახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე ქმედება განახორციელოს საკუთარი ქვეყნის მიმართ, ჩაიდინოს საკუთარი ქვეყნის ღალატი.

არც ერთი თავის თავის პატივისმცემელი ქვეყანა, მითუმეტეს ნაწილობრივ ოკუპირებული ასეთ ნაბიჯებს, ასე ხელაღებით, არასდროს არ დგამს. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, მაგალითად პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდამსხმელი ტერორისტები მთელი ამ წლების განმავლობაში მე არ შევიწყალე და არ შევიწყალე იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რომელ პრეზიდენტს დაესხნენ თავს, ადამიანი როცა დგება ტერორიზმის გზაზე, ჯაშუშობის გზაზე, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების გზაზე, სამხედრო ამბოხის გზაზე, ის არის არა ზოგადად რომელიმე მთავრობის მტერი, ის არის თავისი ქვეყნის უსაფრთხოების, თავისი ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების და ჩვენი შვილთაშვილების მომავლის მტერი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი პრობლემა. დღეს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია შენს ქვეყანას უღალატო, შეგიძლია ღიად იმუშაო უცხო ქვეყანაზე, შეგიძლია ამბოხი მოაწყო შენი ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ, მათ შორის სამხედრო ამბოხი და შენ ეს ყველაფერი შეიძლება გეპატიოს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ეს არის ძალიან საშიში რამ.

ჯერჯერობით დიდი მწუხარებით მიხდება იმის კონსტატირება, რომ ამ პარლამენტმა თავი დაამახსოვრა ხალხს მხოლოდ ორი რამით: პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილების და ჯაშუშების გარეთ გაშვებით. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის სამარცხვინო და მე ვერ ვიხსენებ ასეთ პრეცედენტებს დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთი პარლამენტის ისტორიაში. მე ამას ვამბობ დიდი გულისტკივილით, დიდი დანანებით, არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები