ამნისტიის კანონპროექტი

ხიდაშელი: პრეზიდენტის განცხადება ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით სიცრუის დემონსტრაციაა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ცნობით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 231 პატიმარი ციხეებს დღეს დატოვებს.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, ის, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, ''ტყუილისა და სიცრუის დემონსტრაცია იყო'', რადგან პრეზიდენტმა ''დღეს საკუთარი შეწყალების აქტით ციხიდან გაუშვა პატიმარი, რომელსაც 25-წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული" და კოლუმბიიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის გამო იყო დაკავებული. 

თინა ხიდაშელის თქმით, ''დღესვე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა პატრულის თანამშრომელი, რომელიც გასამართლებული იყო არასრულწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთისა და მისი გაუპატიურების გამო".

"ჩვენ მიერ მიღებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ასეთი მძიმე მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებაზე. მათ პარლამენტი სასჯელის მოცულობას უმსუბუქებს და ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ტყუილია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მიხეილ სააკაშვილმა სულ 277 პატიმარი შეიწყალა, საიდანაც 44-ს სასჯელი გაუნახევრდა, 231 კი - გათავისუფლდება. შეწყალებულებს შორის 5 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 

კომენტარები