საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: მთავრობამ უდანაშაულო ხალხის დაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მოსთხოვა, „უდანაშაულო ხალხის დაჭერა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების და ვაჭრობის გარეშე“ შეწყვიტოს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით კაკაბაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. კაკაბაძე სამართალდამცავებმა 27 დეკემბერს საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მანამდე საკრებულოს თავმჯდომარე ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა, სასამართლომ იგი გირაოთი გაათავისუფლა.

პრეზიდენტის თქმით, იგი დარწმუნებულია დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში. მისი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ამჟამად საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებზე „ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს“.

„დაუშვებელია, საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები ისხდნენ ციხეში, მით უფრო მაშინ, როდესაც, ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შესაძლოა, პედოფილებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და ჯაშუშებმა დატოვონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მთავრობას ყოფილი ხელსუფლების თანამდებობის პირთა დაკავებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელი შეუშალოს მთავრობას მის საქმიანობაში და მზად არის თანამშრომლობისთვის.

მიხეილ სააკაშვილმა დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები გაამხნევა და დაჰპირდა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აუცილებლად აღდგება.

 

კომენტარები