პარლამენტი

დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტი შედგა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, განვლილი წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. უსუფაშვილის განცხადებით, ''საქართველოს პარლამენტი შედგა''.

"2 თვის განმავლობაში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაძაბული ვითარებაც იყო. იყო დღეები, როდესაც უმცირესობამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორი თვის თავზე შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა. ეს არა მხოლოდ უმრავლესობას ეხება, რომელმაც პარლამენტის მართვის სადავეები ხელში ძალიან მყარად აიღო, არამედ უმრავლესობისა და უმცირესობის თანაარსებობაც შედგა. 2 თვის განმავლობაში 50-მდე კანონპროექტი განვიხილეთ, აქედან დაახლოებით 10 კანონპროექტზე სრული კონსენსუსური მხარდაჭერა იყო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის ყველა კომპეტენცია ხელუხლებელი დარჩება მისი ვადის ამოწურვამდე, გარდა ერთისა - "ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ხალხის ნების გარეშე".

"აქედან გამომდინარე, პარლამენტი მზადაა მოიხსნას იმუნიტეტი პარლამენტის 6-თვიანი დათხოვნის შეზღუდვის შესახებ. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მაინც რამე ხდება ქვეყანაში, მან საქართველო უნდა იხსნას და მთავრობა შესაცვლელია, ჩვენ ვეთანხმებით, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნით და ახალი არჩევნების ჩატარების გზით - მოქმედი მთავრობისა და არა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული მთავრობის პირობებში. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და პრეზიდენტს ვეუბნებით - თუ ამაზე წამსვლელები ხართ, კი ბატონო. ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული პოლიტიკურად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები