NDI

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პირველად გამოაქვეყნა. მოსახლეობას მიმდინარე და აქტუალური საკითხების შეფასება სთხოვეს.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქვეყანაში ამნისტიაა, რომლის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტს იმგვარად ფუთავს, რომ პატიმრებმა არაერთი საშინელება გადაიტანეს და სახელმწიფოს მათი გათავისუფლების ან შეღავათის მიცემის ვალდებულება აქვს. კვლევის შედეგების მიხედვით, ამნისტიას მხოლოდ 12% ემხრობა. გამოკითხულებს ჰკითხეს ნიგვზიანის მოვლენებთან დაკავშირებითაც, სადაც მუსლიმებს საშუალება არ ეძლეოდათ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეკრებილიყვნენ და რელიგიური მსახურება აღესრულებინათ. 51% თვლის, რომ მათ ამის უფლება უნდა მიეცეთ, ხოლო მეოთხედზე მეტს, 29%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს. კვლევის საველე სამუშაოები 14-ნოემბერს ჩატარდა, ამიტომ კითხვებში არ მოხვდა მასობრივი დაპატიმრებების თემა.

პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნაციონალებთან რადიკალურად დაპირისპირებული ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოების პოლიტიკური ორიენტაციის ძირეული შეცვლის გამოვლინება უნდა ყოფილიყო, საზოგადოებრივი ფასეულობები, პრაქტიკულად, არ იცვლება. ბოლო წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი მმართველობისას და დღესაც, უმრავლესობა კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს და დემოკრატიის მეტად განვითარება სურს. NDI-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოსთვის 66% მიიჩნევს საფრთხედ. 77% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 71% კი NATO-ში ინტეგრაციის მომხრეა.

მომავალი 6 თვის განმავლობაში მოსახლეობა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმების განხორციელებას ელის. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კი მოსახლეობისთვის კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. მეორე ადგილზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა. ამ თემის აქტუალიზაცია გარკვეულწილად სხვადასხვა პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს.

არჩევნების შემდგომ, გამარჯვებული კოალიცია, ქართული ოცნება, ყველაზე ხშირად სამართლიანობის აღდგენაზე და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს. ამ საკითხებს საქართველოს მოსახლეობა ნაკლებ პრიორიტეტულად ასახელებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხს ყველაზე პრიორიტეტულად 12% მიიჩნევს, სასამართლო სისტემა კი მოსახლეობის 7%-სთვის არის პრიორიტეტული. ხოლო სამუშაო ადგილები და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, შესაბამისად, 56 და 35%-სთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვლევის ფარგლებში კითხვები დაისვა მედიასთან დაკავშირებითაც. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 85% უყურებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს – 58%, ტელეკომპანია მე-9 არხს – 53%, ხოლო მაესტროს – 46%. მოსაზრებას – მირჩევნია ვუყურო ისეთ ახალ ამბებს, რომელიც თანაბრად აშუქებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებებს, ეთანხმება 82%.

მოსახლეობას იმაზეც ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას. 86% აცხადებს, რომ რელიგიას მათთვის მნიშვნელობა აქვს. რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელ მაინც მოსახლეობის 22% ესწრება, კვირაში ერთხელ – 10, ხოლო ერთზე მეტჯერ – 5%. ეს სტატისტიკა ბევრი ევროპული ქვეყნისას ემთხვევა, თუმცა რელიგიურ მსახურებას გაცილებით ხშირად ესწრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში: Gallup-ის მონაცემებით, 40%-ზე მეტი – თითქმის ყოველ კვირას.

კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 1,947 ინტერვიუს საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-3 პროცენტია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

კომენტარები