პრემიერმინი

ივანიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას წლები დასჭირდება

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, დრო დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა. 
ივანიშვილის თქმით, ''ამას წლები დასჭირდება და თვეებში არანაირად არ გამოვა''. 
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას, პრემიერის შეფასებით, ''შეხვედრის ფორმა ძალიან საინტერესო იყო''. 
''მანამდე ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ რუსეთის წარმომადგენლები არაოფიციალურად დამლაპარაკებოდნენ, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს ოფიციალურად მომხდარიყო, რათა არ გაჩენილიყო რაღაც თამაშებში შესვლის ეჭვი. საბოლოოდ კი კარგი იყო ის, რაც მოხდა. რუსულმა მხარემაც დაადასტურა, რომ უნდა აღდგეს რეგულარული რეისები, აღდგეს სავაჭრო ურთიერთობები და ეს პირველი შეხვედრისთვის კარგი იყო, რადგან ოპტიმიზმს ზრდის. თუმცა, ეს სწრაფად არ მოხდება'', - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჩიხიდან გამოსვლა, ''სადაც სააკაშვილმა შეგვიყვანა'', ძალიან ძნელია, ''ტექნიკურადაც კი''.
''დიპლომატიური ურთიერთობები რომ აღდგეს და ყველაფერი დალაგდეს, ამის სურვილი ჯერ პოლიტიკურ ელიტას უნდა შეექმნას. რუსეთშიც ჭრელია საზოგადოება, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში და ამიტომაც იქაც კი დასჭირდებათ ფორმის მოძებნა, რომ საკუთარ ხალხს აუხსნან, გუშინ რომ ამას აკეთებდნენ, დღეს სხვა რამეს რატომ ამბობენ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. ყველაფერი ლოგიკურად განვითარდება და დავიბრუნებთ იმას, რაც გვეკუთვნის'', - აცხადებს ივანიშვილი. 
რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, ივანიშვილის თქმით, ''საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესების გასაღები'', შიდა პრობლემების მოგვარებაა. 
''რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგია არის ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკასთან ურთიერთობის გაღრმავება. ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობები და ამ ყველაფრის გასაღები არის ის, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის აღორძინება. და არა ის, რასაც ესენი აკეთებდნენ, ვითომ დემოკრატიული სინგაპურიზაცია და ევროპაშიც მოინდომეს ლიბერტარიანობის შეტანა. ევროპელებს რომ შევხვდი, მითხრეს, ძლივს ნორმალური კაცი დაგინახეთო'', - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები