საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: შეტევა ყველა ინსტიტუტზე მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ახორციელებს მიზანმიმართულ შეტევას ყველა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტზე, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

"ეს არის შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს არის შეტევა ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს არის შეტევა სასამართლოს ინსტიტუტზე. მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანი და სწორი განცხადება ქუთაისის გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება, პროვოცირება და ა.შ.“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ საქმე არის არა პრეზიდენტის პიროვნებაზე. მე ზუსტად ისევე ვარ არჩეული, როგორც არის არჩეული მარტვილის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქუთაისის საკრებულო, როგორც არის არჩეული რუსთავის საკრებულო. ზუსტად ისევე უნდა იყოს დაცული მარტვილის საკრებულო, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება და მისი ესკორტი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, თუ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ფარისევლობა, მაშინ წადით და ზუსტად ასევე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით ზუგდიდის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით მარნეულის საკრებულო, სადაც დღეს, გუშინ და გუშინწინ იყო შევარდნის მცდელობა. საკრებულოებში მიდიან ჯგუფები, რომლებიც ვერ იყოფენ თანამდებობებს და მათთვის მეასეხარისხოვანია ხალხის ინტერესები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები