შსს

შსს: ბანკ ქართუს გაკოტრების მიზნით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა

ბანკ ქართუს გაკოტრების მიზნით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ''დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო'' საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და საქართველოს პრეზიდენტი.

''დანაშაულებრივი სქემა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება ბანკი ქართუს გაკოტრებას. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკ ქართუს გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი'', - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განცხადებით, არსებულ ფაქტებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ეპიზოდში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც ფიგურირებს.

"2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი ქართუს გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ აგლაძეს'', - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

შსს-ს განმარტებით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ და სხვა პირებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის შესახებ.

კომენტარები