პარლამენტი

პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი 190-ს, პოლიტიკური დევნილის კი 25 პირს მიანიჭა

პარლამენტმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე დადგენილების პროექტი დაამტკიცა და პოლიტპატიმრის სტატუსი – 190-ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიანიჭა. დადგენილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 14-მა დეპუტატმა მისცა ხმა. 

დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება. 

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე დადგენილების პროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა. კომისიის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება პირის უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს. მისი თქმით, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ პოლიტიკური ამნისტია განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით მუხლი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს დაემატება. 

პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ 26 მაისის აქციებში მონაწილე აქტივისტებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის მძღოლს, რომელმაც პოლიციელი გაიტანა, ყინწვისში დაკავებულ ბადრი ბიწაძის 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს, ოპერაცია ენვერის შედეგად დაკავებული პირებს და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს, რომელთაც ტელეკომპანია კავკასიაში ჟურნალისტებს სცემეს. 

პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭათ ბიძინა გიორგობიანს, ქიბერ ხალვაშს, ბადრი ბიწაძეს. არც პოლიტპატიმრის და არც პოლიტდევნილის სტატუსი არ მიუღია ირაკლი ოქრუაშვილს. თუმცა, ბესელიას თქმით, ოქრუაშვილს შეიძლება პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭონ. 

კომენტარები