ირაკლი ოქრუაშვილი

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად პატიმრობაში რჩებიან მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირებიც. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება უნდა მოეხსნას.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა საქალაქო სასამართლოში  10 დეკემბერს, 10.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეზე კიდევ შვიდი პირია ბრალდებული, მათ შორის ერთი მიმალვაშია. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა ედება, დანარჩენებს კი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარები