პენიტენციური სისტემა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც პრემიერმინისტრს საქართველოში არასათანადო მოპყრობისა და წამების ამოსაძირკვად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. 

"საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს პატიმრებისა და ოფიციალური პირების მიერ დაკავებული სხვა ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ შეშფოთებას. გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოს ანგარიშვალდებულების სისტემა. აუცილებელია მუდმივი სიფხიზლე წამების სრული აკრძალვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მე ვაპირებ ამ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება ჩემს დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოში ჩემი შემდგომი ვიზიტის დროს", - აცხადებს ნილს მუიჟნიეკსი. 

ევროსაბჭოს კომისარი ხაზს უსვამს ეფექტური გამოძიებების ჩატარების აუცილებლობას, რათა დადგინდნენ და დაისაჯონ პატიმრების არასათანადოდ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები. 

"ამ შეურაცხყოფებში, პირდაპირი დამნაშავეების გარდა, ის ოფიციალური პირები, რომლებმაც დაუკვეთეს ან იყვნენ ინფორმირებულნი ამის შესახებ, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ამას უნდა მოჰყვეს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სასჯელი, მაგრამ სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. გამოძიება და სასამართლო პროცესები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რათა შენარჩუნებულ იქნას სასჯელაღსრულებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების ერთიანობა და სანდოობა", - ნათქვამია წერილში. 

 

კომენტარები