NATO და საქართველო

სესიაშვილი NATO-ს შესახებ საკუთარ ინტერვიუზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უარყოფს მოსაზრებებს, რომელიც მან, თითქოს, „კავკაზსკი უზელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა. სააგენტო, სესიაშვილზე დაყრდნობით, იუწყება, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხის განხილვა იმის გამო გადადო, რომ ქვეყანაში ალიანსის სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ჩაიშალა და ასამბლეაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის წარმოდგენა ვერ მოესწრო. 
როგორც სესიაშვილმა ტაბულას განუცხადა, სააგენტომ მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი თქმით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა MAP-ის მინიჭების საკითხს არ იხილავს. 
სესიაშვილის თქმით, იგი ჟურნალისტს მხოლოდ იმის შესახებ ესაუბრა, რომ ასამბლეის რეზოლუციაში არ აისახა ობიექტური ინფორმაცია საქართველოს შესახებ. „ინფორმაცია რაღაცას უნდა ემყარებოდეს, რაღაც შეფასებას. როგორც წესი, ისინი ეფუძნება ანგარიშებს ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ“, - თქვა სესიაშვილმა. 
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ანგარიში არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისი მოხსენება 2013 წელს უნდა გაკეთდეს. „შესაბამისად, მე დავსვი კითხვა, თუ რა ინფორმაციას დაეყრდნენ რეზოლუციის ავტორები“, - აცხადებს დეპუტატი. 
შეგახსენებთ, 12 ნოემბერს პრაღაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოში“, რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს „გავრცელებულ ინფორმაციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან“. პრემიერმა ივანიშვილმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ეს რეზოლუცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ასამბლეის წევრთა „შეცდომაში შეყვანით“ ახსნეს.

კომენტარები