საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ითხოვს

დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოდიან ინიციატივით, კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და პარლამენტი დედაქალაქს დაუბრუნდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებათა პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი რეგლამენტით დარეგულირდება და არა კონსტიტუციით, როგორც დღესაა. 

პარლამენტი ქუთაისში ახალ შენობაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავიდა. ყოფილ შენობაში, თბილისში კი დემონტაჟი დაიწყო - სხდომათა დარბაზები უკვე დაცლილია, იქ არსებული ქონება კი გამოტანილი. 

„დღევანდელი ვითარება არის არანორმალური, ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას და, საბოლოო ჯამში, არის მნიშვნელოვნად წაგებიანი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ხმალაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენახვა „მილიონებით“ ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე „პარლამენტის შენახვა იყო თბილისში“.

საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით 2011 წლის ივლისში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების შემდეგ განისაზღვრა. 

 

 

 

 

 

კომენტარები