გამოძიება

გერონტი ალანიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, გერონტი ალანიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, - ამის შესხებ ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ ალანიას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა. მისი თქმით, მას ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა.

"მტკიცებულებებს საქმესთან დაკავშირებით უკვე ხვალ დილით გავეცნობი. ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ცნობილია, რომ საქმე ეხება 2005 წლის იანვარში მთაწმინდა-კრწანისის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ცემას", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გერონტი ალანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა სასამართლოში ხვალ გაიმართება. ამასთან, ხაჟალიას ინფორმაციით, საქმეში ასევე ფიგურირებენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ოლეგ მელნიკოვი. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბრალს მათაც წაუყენებენ.

გერონტი ალანია ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას არ ჰქონია საუბარი ალანიასთან და არც ის იცის, თუ რომელ ქვეყანაშია მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

 

კომენტარები