მთავარი პროკურორი

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე

დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე  დაკავებულია თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (ნაწილი 3, პუნქტი ბ) და 236-ე მუხლებით წარედგინა.   
კბილაშვილი რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ დეტალებზეც საუბრობს. "საზოგადოებას მინდა ვამცნოთ, რომ ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეს  ახალგაზრდებს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებს მთავარი პროკურორი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა BMV-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახა აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. გიორგი ქურდაძის გარდა ყველა მათგანი გადმოსული იყო მანქანიდან და ესაუბრებოდა საპატრულო ეკიპაჟს. გიორგი ქურდაძემ გადაწყვიტა მანქანიდან გადმოსვლა, რამაც გამოიწვია უნებური ხმაური. ხმაურზე პატრულის თანამშრომლები დაიძაბნენ და გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. დამხმარე ეკიპაჟი ლევან ლობჟანიძისა და გიორგი ბაშალეიშვილის შემადგენლობით რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. პატრულმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოუსპო სიცოცხლე ბუტა რობაქიძეს. გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გაასამართლეს გიორგი ბაშალეიშვილი. შემთხვევის ადგილზე ჩხრეკა ჩაუტარდათ ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა. ახალგაზრდები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დღესაც განხილვის სტადიაშია. გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამა საჯაროდ აცხადებდა, რომ განსასჯელები უდანაშაულოები იყვნენ და ადგილი ჰქონდა პოლიციის მუშაკთა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, " - აცხადებს მთავარი პროკურორი.  
კბილაშვილის თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და სხვა პირები, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არაა დადგენილი. მიქაძემ  "პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვის თავის არიდების მიზნით" ჩაიდინა დანაშაული - კერძოდ კბილაშვილის უწყება მას მტკიცებულებათა ფაბრიკაციაში ადანაშაულებს.  
"კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ მისივე დავალებით პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ამირან რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდისა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", -აცხადებს მთავარი პროკურორი.

კომენტარები